საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 33 ოფიცერი შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 33 ოფიცერი შეემატა. უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.
აკადემიის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ოფიცერთა კორპუსის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი 29 კვირის განმავლობაში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა. ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე მსმენელებმა სტაჟირება საბრძოლო ქვედანაყოფებში გაიარეს. კურსის მიზანს ქვეითი ოცეულის მომზადება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავება და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების დაუფლება წარმოადგენდა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. დღეიდან ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები