თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ერგნეთის ბაზრობის დახურვას მოჰყვა.
7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაიმართა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია. კომანდოს ბატალიონის კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა.