თინა ხიდაშელი მადლენ ოლბრაიტს და ჯონ ჰამრის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრა ძალზე დროული და ღირებული იყო.
„უამრავი შეკითხვა დაისვა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ოლბრაიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების პრეზიდენტს ჯონ ჰამრის შეხვდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარა და დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს. „ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა ფუნქციონირებენ, მაგრამ, ამავდროულად, განწყობებს ქმნიან ქვეყანაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.