სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში განთავსებულ არმიის ბაზა „სტიუარტზე“ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები – ვიცე-პოლკოვნიკი კახა ხიდეშელი, პოლკოვნიკი ამირან ნოზაძე, დეპარტამენტის მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და აღმოსავლეთ ბატალიონის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კობა ლომინაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები 385-ე ბატალიონის სტრუქტურასა და საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, აღჭურვილობასა და სხვა ლოგისტიკური უზრუნველყოფის პირობებს გაეცნენ, დაათვალიერეს ბატალიონის ტექნიკური აღჭურვილობის, ტექნიკური მომსახურეობისა და კავშირგაბმულობის საშუალებები. შემდეგ კი, ბატალიონის მიერ განხორციელებულ დაკავებასა და სხვა სამართალდაცვით ღონისძიებებს დაესწრნენ.
სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ძნელად აღსაზრდელ ახალგაზრდათა 6-თვიანი კურსის აკადემიასაც ეწვივნენ, პოლიციის ბატალიონის მსმენელთა კურსის დამთავრებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრნენ და ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობებსა და წესს არაფორმალურ ვითარებაში გაეცნენ.
აშშ-ში ქართულ დელეგაციას ბატალიონის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი როჯერსი, მაიორი სმიტი და სერჟანტი ბრაუნი მასპინძლობდნენ. ვიზიტის დროს მიღებულ გამოცდილებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი რეორგანიზაციისა და სტრუქტურული დახვეწისთვის გამოიყენებს.