ბაბუშერიდან გადმოსვენებულ 12 ადამიანის ნეშტს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ბაბუშერიდან გადმოსვენებულ 12 ადამიანის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაღუპულთა ცხედრებია დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სამების ტაძარში მისვლასა და აფხაზეთიდან გამოსვენებულთა ოჯახის წევრებისთვის მისამძიმრებას გეგმავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წევრები.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი – აჩადარაში ბრძოლების დროს.

რაც შეეხება, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ესენი არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამაშუკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.

ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო, არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები