„სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა მიზნად ჯარისკაცების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებას ისახავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს.
შეხვედრებზე გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ინფორმირებას, მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას, ასევე საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.
მიზანი კი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებაა.
სამხედრო ქვედანაყოფებში საინფორმაციო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 5 აგვისტოს, დასრულდა. „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მასში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც არის ჩართული.
დასავლეთ სარდლობის დანაყოფების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებები აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფებშიც იგეგმება. პროგრამაში მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან, რომლებიც გადამზადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.