საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. მარგველაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება ბრიფინგზე გააჟღერა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არგუმენტები, რატომ უნდა შეიცვალოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი – ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის.
„ამ პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურნი და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას.
ჩვენი კრიტიკის საგანი იყო როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან და ასევე, შინაარსი არსებული კანონპროექტისა.
პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე, ინსტიტუტზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, იმსახურებს მაღალ შეფასებას.
ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.