პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილისგან მადლობის წერილი მიიღო
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მიერ, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილისგან, გენერალ-ლეიტენანტ პაოლო რუგიეროსგან (Paolo Ruggiero) მადლობის წერილი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქართული დანაყოფის მიმართ, რომლებიც “მტკიცე მხარდაჭერის” შტაბ-ბინის ძალთა დაცვის ამოცანებს ასრულებენ. მათი წვლილი ავღანეთში არსებული მთავარი ბაზის დაცვასა და მხარდაჭერაში შეუფასებელია. ქართული ასეულის ჩამოსვლის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა, მენახა მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დანაყოფმა ეფექტურად გაუწია ორგანიზება ათეულობით სწავლებას და საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეული წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებს მათზე დაკისრებულ ამოცანებს კოალიციურ სარდლობასთან კოორდინაციაში. ქართული დანაყოფის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაყოფში არსებული მაღალი დისციპლინაა. კაპიტან ჯალაღონიასა და მისი ასეულის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თავდადება, ჟინი და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ამტკიცებს თქვენი ქვეყნის პოზიტიურ რეპუტაციას,” – აღნიშნულია “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილის პაოლო რუგიეროს წერილში.