ბესიკ ლოლაძე: კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნატოს კეთილსინდისიერების პროგრამის ფარგლებში ანტიკორუფციულ კურსს გადიან.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი სასწავლო კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გახსნა და სემინარის მონაწილეებს კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„კორუფცია აზიანებს სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს. აზიანებს ფასეულობებს, რომელსაც ემყარება დემოკრატია და სამართლიანობის პრინციპები. კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო, როცა არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა”, – განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

სასწავლო კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება და კორუფციის რისკების შემცირება“ თავდაცვის სამინისტროში უკვე მეოთხედ იმართება და მას სამინისტროს მმართველობითი რგოლის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ესწრებიან. სასწავლო პროგრამა ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით იმართება. სასწავლო კურსი 22 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program) 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში, თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები