ვაზიანში „Agile Spirit 2015“-ის დასკვნითი საველე სწავლება გაიმართა – ფოტოკოლაჟი

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2015“-ის დასკვნითი საველე სწავლება გაიმართა. საჩვენებელ სწავლებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლასლო ჟაბო და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ჯეიმს დონელანი დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებაში ასეულის დონის მრავალეროვნული ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად რუმინელი და ბულგარელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. სამხედროებმა „Agile Spirit 2015“-ის სწავლების ფარგლებში დასახლებულ პუნქტზე შეტევის ამოცანა განახორციელეს. ამოცანის შესრულების დროს სწავლების მონაწილეებმა შეჯავშნული სამხედრო ავტომობილები, დაშავებულის საევაკუაციოდ კი, UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი გამოიყენეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მრავალეროვნულ სწვალებაში ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვის მნიშვნელობაზე და ქართველი სამხედროების მაღალ კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„წელს ამერიკელ სამხედრო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად ჩაერთნენ ნატოს ქვეყნები – ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია. ამ სწავლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან, როგორც ნატოს მრავალეროვნულ სწავლებების, ასევე, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ( NRF) სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად“,- განაცხადა რომან ჯოხაძემ.
საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა მრავალეროვნული სწავლება შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს არის პირველი მთავარი სწავლება საქართველოში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე გადაეცა. სწავლებაში ნატოს პარტნიორი ქვეყნები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოყალიბდება, სწორედ, მსგავსი სახის სწავლებებს დაგეგმავს სამომავლოდ. ამგვარად, ჩვენ უნდა ველოდოთ სწავლებების რეგულარულ სერიებს საქართველოში. ეს დაეხმარება ქვეყანას არა მხოლოდ შესაძლებლობების გაზრდაში, არამედ, ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას და საშუალებას მისცემს პარტნიორებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან. საქართველო ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სწორედ, ამ პროცესებს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს დონელანმა ქართულ მხარეს სწავლების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის სწავლებები მომავალშიც ჩატარდება.
„რაც დღეს ვნახეთ, არის ტაქტიკური ურთიერთთავსებადობის შესანიშნავი მაგალითი ველზე. სწავლების მონაწილეებმა კარგი ურთიერთთავსებადობა გვიჩვენეს ბრიგადის შტაბშიც, რაც თქვენ შესაძლოა, ვერ ნახეთ. ჩვენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, ქართველ პარტნიორებთან და ნატოს წევრებთან ბატალიონის დონეზე მოქმედების ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ამ სწავლებით ქართველ სამხედროებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მრავალეროვნული ბრიგადისთვის ეხელმძღვანელათ, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან და ამერიკელ პარტნიორებთან ინტეგრირებულიყვნენ. სწავლება წარმატებით ჩატარდა“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეიმს დონელანმა.
სპეციალურად უცხოელი ჟურნალისტებისთვის სამხედრო წვრთნების გასაშუქებლად ნატოს პრესტური დაიგეგმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მედიაორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებით ქართული მედიაც დაინტერესდა.
საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც ნატოს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარებაა.
„Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. სწავლების მიზანს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდა, კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა.

10430827_1024759554223453_4112880174732037900_n

11205613_1024759467556795_5110422226269358307_n

11215050_1024759560890119_6055360142611321624_n

11222952_1024759407556801_8207327416759677497_n

11228110_1024759490890126_8109177373291614102_n

11705251_1024759557556786_7284448330546410801_n

11760183_1024759397556802_3426306180112894716_n

11760289_1024759400890135_3934378759939420322_n

11760294_1024759460890129_1284971771345372593_n

11205613_1024759467556795_5110422226269358307_n - Copy

10430827_1024759554223453_4112880174732037900_n - Copy

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები