ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება
იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მოტივირებულია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. სრულიად მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ პირნათლად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს ნაკისრი. მე ბატონ ტუსკის გავიზიარე, მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის იმპლემენტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს და მოცემულ გეგმას მივყვებით. VLAP-ის ნაწილში სავიზო რეჟიმის გამარტივების ფარგლებში ჩვენ ასევე წინ მივდივართ და პრაქტიკულად ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.