თინა ხიდაშელი: დონალდ ტუსკიმ ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა
დონალდ ტუსკიმ ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეები აუდიენციას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც მიიღებენ.
როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილვის საგანი იქნება ვიზა- ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი, რა კუთხითაც საქართველო საშინაო დავალების შესრულების პროცესშია.
“ჩვენ, პრაქტიკულად, ბოლოში ვართ გასულნი, აბსოლუტურად ყველა ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია, მათი უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო სამივე მოსმენით, თუმცა ველოდებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონს. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტემბრისთვის, როცა შემფასებელთა მისია ჩამოვა, ევროკავშირის ყველა ვალდებულება და მოთხოვნა იყოს შესრულებული. ბატონმა ტუსკიმ გუშინ ძალიან ოპტიმისიტური განცხადებები გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში როცა საბოლოო შეფასება დაიდება, საქართველოს გზას გაუხსნიან ევროინტეგრაციის პროცესში პირველი მნიშვნელოვანი ეტაპისკენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.