ავღანეთში ქართული ასეულების მისიის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ბალხის პროვინციაში სამოქმედო რაიონი IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა.
ქართული ასეულების “მტკიცე მხარდამჭერი” მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთის სარდლობისა და ბაზა “მარმალის” ხელმძღვანელობამ IV-ე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. სამხედრო მისია ქართულმა ასეულმა უდანაკარგოდ შეასრულა და საქართველოში სრული შემადგენლობით ბრუნდება. ცერემონიალის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები IV მექანიზებული ბრიგადის კაპელანმა, მამა გაბრიელმა დალოცა.
უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, როგორც სწრაფი რეაგირების ასეული.
ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, დადებითად შეფასდა.