საქართველოში ვიზიტით უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის „Airbus Defence & Space“ დელეგაცია იმყოფება
საქართველოში ვიზიტით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის „Airbus Defence & Space“ დელეგაცია იმყოფება. დღეს, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი დაესწრნენ.
უცხოელმა სტუმრებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და შესაძლებლობები გააცნეს. „Airbus Defence & Space“, ძირითადად, უპილოტო საფრენ აპარატებს, შვეულმფრენებსა და სატელიტური კავშირის ქსელებს აწარმოებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა უწყებაშიც იმყოფებოდნენ.