ქართული ოცეული სწავლებაში: „Rapid Trident-2015″ ჩაერთო

უკრაინაში, ლვოვის ოლქში იავორივის სამხედრო პოლიგონზე, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება: „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ დღეს ოფიციალურად დაიწყო.
საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში მიმდინარე ბატალიონის დონის საველე-საშტაბო წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები წელს უკვე მეორედ მონაწილეობენ.
საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.
სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.
„Saber Guardian/Rapid Trident 2015“-ში 18 ქვეყნის 1800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლების საველე ნაწილში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის ერთი ოცეულითაა წარმოდგენილი. საშტაბო სწავლებაში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის, IV მექანიზებული ბრიგადის, ასევე გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტების ოფიცრები მონაწილეობენ.
საველე სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედროები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას განახორციელებენ.
სწავლებაში მონაწილეობენ: აშშ-ის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ესტონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და 31 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები