დონალდ ტუსკი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა.
“ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობის აღგენასა და სხვა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ. ხვალ ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ საკუთარი თვალით ვიხილო, თუ რა მდგომარეობაა იქ. ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მტკიცედ გამოკვეთილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებებს, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი იურიდიული საფუძველი”, – განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, გაითვალისწინონ მოვლენათა ახალი განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემებთან”, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები