ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დოლანდ ტუსკმა 13 ივნისს თბილისში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
“მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვეწვიე თბილისს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს მომიწვია თბილისში და მოხარული ვარ, რომ მისი მოწვევა მივიღე და მე ფაქტობრივად საბერძნეთის დრამატული სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ჩემი ვიზიტის გადადება, რომელიც ადრე იყო დაგეგმილი. მადლობა მოთმინებისთვის. ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, რომლებიც შეეწირნენ 13 ივლისს თბილისში მომხდარ წყალდიდობას. მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით“-განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველომ განსაზღვრა თავისი გზა, როგორც მჭიდროდ ასოცირებულმა პარტნიორმა ევროკავშირთან.
“საქართველომ განსაზღვრა თავისი გზა, როგორც მჭიდროდ ასოცირებულმა პარტნიორმა ევროკავშირთან და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებიც ძლიერია და კიდევ უფრო ვითარდება. საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტი. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გასულ სექტემბერს, ითამაშებს უმთავრეს როლს ჩვენი პარტნიორობის გარღმავებაში”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მოხდება პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ იმუშავებს.
“ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. პროგრესი უკვე მიღწეულია და ჩვენ ძალზე ამბიციური დღის წესრიგი დავისახეთ, რათა დავასრულოთ აღნიშნული პროცესი. ჩვენი მოლაპარაკების განმავლობაში განვიხილეთ რთული რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტი. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მხარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო სიტუაცია საზღვრის დემარკაციის ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით ხაზი გვუსვა და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.