პრეზიდენტის მრჩეველი: დარწმუნებული ვარ, ტუსკის ვიზიტი ევროკავშირში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლი თენგიზ ფხალაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დონალდ ტუსკის დახვედრის ოფიციალური ცერემონიისას განაცხადა.
ფხალაძის თქმითვე, ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია და ის აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან პრობლემატიკას მოიცავს. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თემატიკით დაწყებული ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციით დამთავრებული.
„ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია და ის აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან პრობლემატიკას მოიცავს. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თემატიკით დაწყებული ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციით დამთავრებული”,-განაცხადა ფხალაძემ.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვია. დონალდ ტუსკი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მართავს, რომლის შემდეგაც ის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
ცნობისთვის: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ კვირას უნდა შემდგარიყო, თუმცა საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, გადაიდო. ვიზიტის გადადების შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები