გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკის ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს – დონალდ ტუსკის ხვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი აუდიენციას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ, რის შემდეგაც სასახლის ეზოში დაგეგმილია საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.
დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გმირთა მოედანს ეწვევა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დოლანდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – დავით უსუფაშვილთან, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრას.
გარდა ამისა, ავლაბრის სასახლეში დაგეგმილია აუდიენცია ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტთან, რომელსაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავენ.
დონალდ ტუსკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ. დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი 21 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები