დავით უსუფაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც დავით უსუფაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე და ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ. ევროკავშირის ქვეყნებში აუდიტის სამსახურის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
განხილული იქნა პარლამენტის უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურთან მიმართებაში, საკანონმდებლო ჩარჩოები, რომელიც აუდიტის სამსახურის მოქმედების არეალსა და დამოუკიდებლობის ხარისხს განსაზღვრავს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ხაზი გაესვა ევროპის ქვეყნების აუდიტის სამსახურების მხრიდან, საქართველოს აუდიტის სამსახურისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროგრამას, რომელიც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მიმღებ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტი. მიმღებ ქვეყნებს განეკუთვნებიან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოქცეული ქვეყნები. ამჟამად, სწორედ TWINNING-ის ფარგლებში ხორციელდება პროექტი „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება”. პროექტს ახორციელებს გერმანულ-პოლონური კონსორციუმი – გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს – Bundesrechnungshof (BRH) ხელმძღვანელობითა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის – Najwyższa Izba Kontroli (NIK) მხარდაჭერით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით. პროექტი უზრუნველყოფს დახმარებას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ეფექტიან მმართველობას. იგი პირდაპირ უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 1.2 ქვემუხლს, რომლის მიზანია „დემოკრატიისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში”.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცოდნისა და უნარების გაზიარება, რათა სას-მა შეძლოს მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე მართვის სისტემებითა და პროცესებით აღჭურვილი თანამედროვე უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პროფესიონალური და გამჭვირვალე მუშაობის სტრუქტურის გაუმჯობესება.