ბაღათურია ე.წ. საზღვართან ბანერის მოგლეჯაზე: ესენი მიზანმიმართულად ემსახურებიან იმას, რომ რაიმე სისხლიანი პროვოკაცია მოხდეს
პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, რუსების მხრიდან მავთუხლართების გადმოწევის პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ თუ ჩვენ რუსეთთან არ მოვილაპარაკეთ და გავაგრძელეთ სააკაშვილისეული რიტორიკა, რომ „რუსეთი დედამიწის მტერია“, – მაშინ ეს პროცესი გაგრძელდება. მანვე რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების მიერ გამართული აქცია და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დამონტაჟებული ბანერის ქართველების მიერ მოხსნის ფაქტიც შეაფასა – აქციის მონაწილეებს „შტატიანი მოღალატეები“ და გრანტებზე გაყიდული პროვოკატორები უწოდა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ზრდის საფრთხეს იმისას, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება მოხდეს. „ რაც შეეხება შტატიანი მოღალატეების ჩასვლას და ბანერის მონგრევას, დღეს ქვეყნის გარედან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გრანტებით რუსეთთან საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას აფინანსებენ. ამიტო ეს პროვოკატორები, რომლებიც იქ ჩადიოდნენ, ბანერები რომ მოშალეს, კაცი ვერ გაარკვევდა აგვისტოს ომის დროს, ვინ რომელ სოროში იყო.
ესენი მიზანმიმართულად ემსახურებიან იმას, რომ რაიმე სისხლიანი პროვოკაცია მოხდეს. ეს ხელს აძლევთ მოღალატეებს და გაკოტრებულ პოლიტიკოსებს, მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური ამოცანაც. რუსეთი და აშშ ერთმანეთის კონკურენტები არიან მსოფლიოში ჰეგემონიაზე. აშშ ცდილობს ევროპის ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთი გააძევოს და იქ თავისი ორჯერ ძვირი ელექტროენერგია შეიტანოს. რუსეთის „კაცობრიობის მტრად“ წარმოჩენა ხელს უწყობს მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას და ნელ-ნელა ენერგეტიკული ბაზრიდან მის ჩაჩოჩებას. რის შემდეგაც გაერთიანებული ევროპა ბევრად უფრო დამოკიდებული გახდება შტატებზე. ჩვენ გვყავს ისეთი ჟურნალისტებიც, რომლებიც გრანტებზე არიან გაყიდულები, შეიძლება რამდენიმე კაცი აჰყვა ფეხის ხმას და მათთან ერთად წავიდა, მაგრამ დანარჩენი იქ შტატიანი პროვოკატორი იყო, რომლებიც ხან ჟურნალისტს ირქმევენ, ხან ექსპერტს“… – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.