ბაღათურია გამსახურდიას საქმეზე: ტყვიის ტრაექტორია თვითმკვლელობას გამორიცხავს, მას 2 ტყვია აქვს მოხვედრილი

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, 2009 წელს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების შემსწავლელი სპეციალური საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებზე და გამსახურდიას საქმეში არსებულ იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას პრაქტიკულად სრულად გამორიცხავს. როგორც ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამო თვითმკვლელობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
„ჩვენ ვიმუშავეთ 2 წელი, საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ და მასალები პროკურატურაში გადავაგზავნეთ შემდეგი დასკვნით, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამო იწვევს ეჭვს და პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომ პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოვითხოვეთ. პროკურატურამ ეს საქმე თაროზე შემოდო და გაყინა, თუმცა დღეს ახალმა პროკურატურამ ამ მასალების საფუძველზე გამსახურდიას საქმე გადააკვალიფიცირა და საქმის გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მე მოხარული ვიქნები, თუ ეს წინასაარჩევნო პიარად არ დარჩება და საქმე ბოლომდე მივა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოიკლა“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ჯონდი ბაღათურიამ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქმიდან მტკიცებულებები გამქრალია, დაადასტურა. მანვე აქცენტი ტყვიის და თავის ქალაში არსებული ხვრელის დიამეტრზე გაამახვილა. მისი თქმით, საქმეში მხოლოდ ქაღალდზე არსებობს ტყვია, რომლის გასროლის შედეგადაც გამსახურდია გარდაიცვალა, თუმცა ამ ტყვიის დიამეტრი სროლის შედეგად თავის ქალაში გაჩენილი ხვრელის დიამეტრს არ ემთხვევა. საქმიდან გამქრალია უშუალოდ მკვლელობის იარაღიც.
„დიახ, მტკიცებულები გაქრალია, მაგალითად, საქმეში იარაღი არ დევს. დავუშვათ იყო თვითმკვლელობა, იარაღი სად უნდა გამქრალიყო? ტყვიის ტრაექტორია თვითმკვლელობას პრაქტიკულად გამორიცხავს, იმიტომ რომ თავს ზევიდან ქვევით არ იკლავენ. ზევიდან ქვევით შეიძლება მწოლიარე კაცს ვიღაცამ ესროლოს. თავს, როგორც წესი, საფეთქელზე იარაღის მიდებით ან ქვევიდან ზევით მიმართულებით ისვრიან და ისე იკლავენ. როგორც ექსპერტ – კრიმინალისტმა მითხრა, ასეთი შემთხვევა შეიძლება მილიონში ერთხელ დაფიქსირდეს. როსტოვის პირველად დასკვნაში წერია, რომ მას ორი ტყვია აქვს ნასროლი. შევარდნაძის დროინდელი გამოძიების საქმეში დევს „სტეჩკინის“ ტყვია – 9,2 მეათედი მილიმეტრია, მაგრამ თავის ქალაში ხვრელის დიამეტრი და ტყვიის დიამეტრი ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს ქაღალდზე წერია, მაგრამ შესაძლებელია საერთოდ არ ყოფილიყო „სტეჩკინი“. მხოლოდ ქაღალდზე წერია, არც იარაღი და არც ტყვია არ დევს. მოწმეებს ხომ შეეძლოთ იარაღი და ტყვია შემოენახათ გამოძიებისთვის? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები