ჯონდი ბაღათურია მოსახლეობას მიმართავს: „დენის ტარიფი 30% -ით იზრდება, მოდით აქციაზე და თქვენი უფლებები დაიცავით “

პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია მოსახლეობას ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. როგორც ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 22 ივლისს სხდომას მართავს, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის 30%-ით ზრდის საკითხი განიხილება. მისივე თქმით, ტარიფის ზრდის შეჩერება მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული, რადგან, მისივე მტკიცებით, ტარიფების ზრდას პირადად ენერგეტიკის მინისტრი და მისი გარემოცვა ლობირებს. ჯონდი ბაღათურია ტარიფების გაძვირების საკითხს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბიზნესინტერესებს უკავშირებს. „ოთხშაბათს, 22 ივლისს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომა ტარდება, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფის 30% -ით გაძვირებასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების განაცხადს განიხილავს. ნაცვლად შეპირებული განახევრებისა, ტარიფი 25 თეთრამდე იზრდება. ტარიფის ზრდას არანაირი სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ კახა კალაძეს ენერგეტიკაში კომერციული ინტერესები აქვს. პირადად კალაძე, მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც მან ენერგეტიკის ბიზნესიდან გადმოიყვანა, ასევე „თბილგაზის“ სპეციალური მმართველი გიორგი ბენაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის ბიზნესიდან გადმოიყვანა, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე ტარიფების ზრდას ლობირებენ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ისინი უხეშად არღვევნ კანონს კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ოთხშაბათს, 11 საათზე მიცკევიჩის 19 ნომერში, სადაც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაა, ვიკრიბებით ყველანი. მობრძანდით და დაიცავით თქვენი უფლებები. სომხებმა ძალიან კარგად დაიცვეს თავიანთი სოციალური ინტერესები და აიძულეს ხელისუფლება, ტარიფების ზრდა გაეუქმებინა, შესაბამისად, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ არანაკლები სიმტკიცე და საკუთარი ღირსების განცდა“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები