სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი დაამტკიცებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ჯერ მთავრობას უნდა შესთავაზოს, ხოლო შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინოს.
აღნიშნულ პროცედურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებული წესი განსაზღვრავს, რომელსაც “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონი და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
პარლამენტი მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, განიხილავს კანდიდატურას და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ნიშნავს სამსახურის უფროსს. პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე 6 წლის ვადით ნიშნავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასახელა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება.