პრემიერი: “ქართულმა ოცნებამ“ შსს-ს რეფორმირებით წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულა
„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებით წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულა”, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის წარდგენისას განაცხადა.
„2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს დავპირდით, რომ შევქმნიდით ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებოდა დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა. ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან უკვე ვმიჯნავთ უსაფრთხოების სამსახურებს. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი დანაპირების“, – განაცხადა პრემიერმა და ვახტანგ გომელაურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ახლად შექმნილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელზე ვახტანგ გომელაურზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მას 12 წელა ვიცნობ, მომიწია მასთან მუშაობა 3 წლის განმავლობაში. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა.
„წელს უკვე ორჯერ მომიწია მისი წარდგენა. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი. რაც მთავარია, ის არის მაღალი პროფესიონალი. მე მჯერა, რომ ის წარმატებული სამსახურის უფროსი იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, 1 აგვისტოდან უწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო გამოეყოფა.