პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დამტკიცდა და ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი გამოეყო.
პარლამენტმა ცვლილებები 80 ხმით 19 – ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება.
ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.
ცვლილებები შეეხო ასევე სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესსა და ხელმძღვანელის არჩევის საკითხს.
კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი კანონისთვის ვეტოს დადებას აპირებს.