გიორგი კაკაურიძე: გვინდა, რომ ეტაპობრივად მოხდეს საგარეო ვალების ჩანაცვლება საშინაო ვალებით

ზოგადად, ეკონომიკისთვის ყოველთვის უმჯობესია, ეტაპობრივად იზრდებოდეს საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში მთლიან სახელმწიფო ვალში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.
მისი თქმით, საგარეო ვალების საშინაო ვალებით ჩანაცვლება იგეგმება.
“ეს ნამდვილად არ არის კარგი, არც მთავრობის ინტერესში შედის. ეს ფაქტი მოხდა, რადგან დოლარი გამყარდა თითქმის ყველა ვალუტასთან, შესაბამისად, გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა. ჩვენ მომავალში გვინდა, რომ ეტაპობრივად მოხდეს საგარეო ვალების ჩანაცვლება საშინაო ვალებით. ზოგადად, ეკონომიკისთვის ყოველთვის უმჯობესია ეტაპობრივად იზრდებოდეს საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში მთლიან სახელმწიფო ვალში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია დამატებითი ვალუტის შემოდინება და სწორედ ამიტომ, კონკრეტული წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საშინაო ვალის გარკვეულ შემცირებას, საგარეო ვალის უფრო მეტ მოზიდვას”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები