თავდაცვის მინისტრმა კონფერენცია: „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყვარელში კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ნატოს საზაფხულო სკოლის სემინარი საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ორგანიზებით და ნატოს საჯარო დიპლომატიის სამსახურის (PDD) მხარდაჭერით იმართება.
სემინარში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მონაწილეობენ. თინათინ ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ეს მოსაწვევი მივიღე. მზად ვარ, ნებისმიერ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან ვითანამშრომლო, როდესაც საქართველოში ვარ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მათთვის ვაკეთებთ, იმიტომ რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. შესაბამისად, მათი აზრი, დამოკიდებულება, პოზიციები და დისკუსიები განსაკუთრებით საინტერესოა. ახალგაზრდებს სხვაგვარი ტვინი აქვთ, სხვაგვარად ფიქრობენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ყვარელში მიმდინარე კონფერენციაზე ისეთი თემები განიხილება, როგორიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-რუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რელიგიური ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიაში და ISIS-ის საფრთხე მსოფლიოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები