თინათინ ხიდაშელი: ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება
თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარესთან გაფორმებული მეორე ხელშეკრულებით კმაყოფილია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ხელშეკრულების განხორციელება პირველი იანვრიდან დაიწყება.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარეს მადლობას უხდის, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულების რაღაც ტიპის ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს.
„დღეს მოლაპარაკების კიდევ ერთი ეტაპი დავასრულეთ. როდესაც პირველი ხელშეკრულების ხელმოსაწერად მოვდიოდით, ვუთხარით მოსახლეობას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. არც ამჯერად დაგვიმთავრებია ყველაფერი, მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს, დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხზე. თავდაცვისუნარიანობა მაქსიმალურად გარანტირებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ბუნებრივია იმ შესაძლებლობის გათვალიწინებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია და, მეორე, ის უნდა იყოს აბსოლუტურად ინტეგრირებული ნატოს სისტემასთან და ნატოს სტანდარტებთან.
მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, შესაბამისად, ძალაშიც შევიდა. მისი განხორციელება პირველი იანვრიდან დაიწყება. პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ. ფრანგებმა გვაჩვენეს საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა. ამგვარი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, არ მიიღება პოლიტიკური ნების გარეშე. მოგეხსენებათ, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ცალსახა პოზიცია. ამიტომ, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთან მიმართებაში არანაირ ემბარგოზე აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის თემის დივერსიფიკაციას. შესაბამისად, მივიღეთ ფუნდამენტური საძირკველი იმისთვის, რომ ვესაუბროთ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის. ამიტომ, დიახ, ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით, ფასით. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით, რაც ხელშეკრულების ყველა გვერდზე და ყველა დებულებაში ჩანს.
საქართველოში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია შეიძლება გავხადოთ საჯარო. თუმცა, მანამდე პირველ რიგში უნდა შევხვდე ქვეყნის მთავარსარდალს და სრულად გავაცნო საკითხი, შემდეგ შევხვდები ნდობის ჯგუფს. ბუნებრივია, რამდენიმე შეხვედრა მქონდა პრემიერთან, მანამდე კი იყო უსაფრთხოების საბჭო, საკითხი ასევე გავიდა მთავრობის სხდომაზე ანუ ამ სამ ინსტიტუციასთან – პრემიერთან, უსაფრთხოების საბჭოსთან და მთავრობის სხდომაზე გავლილია ეს საკითხი.
არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის, ვინ რას დაგვაბრალებს, ან პირიქით – ვინ შეგვაქებს. მთავარია, არ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები. ვფიქრობ, შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით ყველანი ერთად, სად გადის ის ხაზი, რომელზეც შეიძლება გავიაროთ. ინტერესი ძალიან მაღალია, ეს ინტერესი ლეგიტიმურია და რაღაცა დოზით უნდა დავაკმაყოფილოთ“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.