ქართულმა ქვედანაყოფმა ეროვნული შეფასების მეორე დონე წარმატებით დაასრულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნა გამართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სწავლებით ქვედანაყოფმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა.
სწავლების შეფასების მონიტორინგს ნატოს სხვადასხვა შტაბის ხუთი ოფიცერი აკვირდებოდა. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო ოპერაცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.
სწავლების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე უშუალოდ გაეცნო ქართული ქვედანაყოფის შედეგებს და ნატოს ოფიცრებს მადლობის სიგელები გადასცა.
შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული.