სნაიპერთა მომზადების კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო-საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსის დასრულება სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
მათ სნაიპერის პროფესიის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და კურსდამთავრებულებს ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვეს.
სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები მინისტრის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. საერთო-საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსი 20 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა. 21 სამხედრო მოსამსახურე ფსიქოლოგიური და კომპლექსური ტესტირების შედეგად შეარჩიეს.
კურსანტები რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ, გაიარეს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებიც. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალური შტაბის უფროსთან და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სნაიპერების სხვადასხვა სახეობის შეიარაღება დაათვალიერა.
მოგვიანებით, ანა დოლიძე ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინფრასტრუქტურას, სიმულაციურ სასწავლო ცენტრს, „ალფონსის“ კლასსა და საარტილერიო სკოლას გაეცნო. მინისტრის მოადგილეს მასპინძლობა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გაუწიეს. ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.