III ქვეითი ბრიგადის ასეული უკვე ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია.
ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი სამხედროები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბალხის პროვინციაში შვიდი თვის მანძილზე შეასრულებენ სამშვიდობო მისიას. 32-ე ბატალიონის ასეული როტაციის წესით, მაზარ-ი-შარიფში მყოფ IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველ სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქცია დაეკისრებათ. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაზა “მარმალზე“ მოგვიანებით გაიმართება.
ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა.
სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, დადებითად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები