სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობისთვის „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, ფილმის „ორმაგი სახე“ ჩვენება გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კინოჩვენებას ფილმის რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე და მსახიობი თემურ გვალია დაესწრნენ.

„დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც, ჩემი აზრით, ხელს უწყობს ჯარის ინტეგრირებას საზოგადოებასთან. ჩვენი ვალია, გვერდით დავუდგეთ ქართულ ჯარს, რათა კიდევ უფრო ავამაღლოთ სამშობლოს დამცველთა მოტივაცია“, – აღნიშნა ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორმა.

ფილმის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებს ფილმის გადაღების პროცესში მომხდარი საინტერესო ისტორიები უამბეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

„მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს, რადგან მომეცა საშუალება, ჩამოვსულიყავი გორში და რამდენიმე საათით გვერდით დავმდგარიყავი ჩვენი სამშობლოს დამცველებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. დღეს მე ამაყი ვარ ქართული ჯარით“, – განაცხადა მსახიობმა თემურ გვალიამ.

მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტენსიურად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები