ვახტანგ კაპანაძე: დღეს საუკეთესო საბრძოლო სისტემა ადამიანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, დღეს საუკეთესო საბრძოლო სისტემა ადამიანია და ეს ადამიანი განსაკუთრებით უფრო ძლიერი ხდება, თუ ის თანამებრძოლებთან მეგობრობით არის დაკავშირებული, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე ვაზიანში.
გენერალ-მაიორმა სიტყვით მიმართა სწავლების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.
“დღევანდელი ჩვენი თანწყობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა, ეს არის ძმობა იარაღით. აქ სწორად აღინიშნა და მეც ვეთანხმები, რომ დღეს საუკეთესო საბრძოლო სისტემა ადამიანია და ეს ადამიანი განსაკუთრებით უფრო ძლიერი ხდება, თუ ის დაკავშირებულია თანამებრძოლებთან მეგობრობით.
მე მინდა ყველა აქ მყოფს ვუსურვო წარმატება, როგორც საქართველოს მიწაზე, ისე ყველაგან, სადაც ფეხს დადგამთ. დარწმუნებული ვარ, აქ მყოფი თითოეული სამხედრო მოსამსახურის პროფესიონალიზმში. პროფესიონალიზმს და ვაჟკაცობას არ გააჩნია ეროვნება”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო თუ პოლიტიკურ მოხელეს, ვინც უზრუნველყო Agile Spirit – ს ორმხრივი სწავლების ფორმარტიდან მრავალეროვნულ ფორმატში გადაყვანა.
ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება. სწავლება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში ხორციელდება და მასში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები.