ნიდერლანდების სამეფომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ნიდერლანდების სამეფომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდების პარლამენტის მე-2 პალატის შემდეგ, ევროკავშირის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირებას სენატმა უყარა კენჭი. სურგულაძის ინფორმაციით, ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე სურგულაძის შეფასებით, ამით ნიდერლანდების სამეფომ აღმოსავლეთ პარტიორობის ამ სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის სურვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა.
“ნიდერლანდების პარლამენტის მე-2 პალატამ 7 აპრილს მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, დღეს ამ გადაწყვეტილებას სენატმა უყარა კენჭი, რითაც, ფაქტობრივად, დასრულდა რატიფიკაციის პროცესი პარლამენტში. ამის შემდეგ რჩება მთავრობისა და მეფის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის ფორმალური პროცედურა და შემდგომ ხელშეკრულების ბრიუსელში გაგზავნა. ფაქტობრივად, ნიდერლანდების სამეფომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის სურვილის მიმართ”, – განუცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
ნიდერლანდები ევროკავშირის რიგით 22-ე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ასევე რატიფიცირებულია ევროპარლამენტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ.