სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
19 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
კურსის მიზანს სამხედრო პოლიციის ოფიცრების მომზადება და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა.
სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.
მსმენელებმა ტაქტიკური მომზადება და სამხედრო საგნები შეისწავლეს. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სამართლებრივ საკითხებში ოთხკვირიან კურსსაც ითვალისწინებდა.
კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები სამხედრო მოსამსახურეებს დავით ებრალიძემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ამირან ნოზაძემ გადასცეს.