ეროვნულ გვარდიაში საგანგებო მზადყოფნის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო მზადყოფნის ფარგლებში (CMEP), სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტური გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირება წარმოადგენდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უწყებების მოქმედებები სტიქიური უბედურების დროს. სამუშაო შეხვედრაზე 2015 წელს დაგეგმილი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების მომზადების საკითხიც განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი იმყოფებოდა.
სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზატორები არიან აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტო, არმიის ინჟინერთა კორპუსი და აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია.