გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ ქართველ სამხედროებს შეხვდა
ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა და ქართველ სამხედროებს გაესაუბრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნატოს გენერალს I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი წარუდგინა. ბატალიონის ასეულები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ემზადებიან.
გენერალმა ბრედშოუმ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერლებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობამ სასწავლო კურსების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა.