“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ისლამურმა სახელმწიფომ” განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ”
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოსგან „ისლამური სახელმწიფოს” მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება.
როგორც კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არის სიახლე ჩეჩენი და დაღესტნელი საველე მეთაურების “ისლამური სახელმწიფოს” დაქვემდებარებაში გადასვლა.
“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ისლამურმა სახელმწიფომ” განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ. უდავოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი, ასევე განვიხილავთ “ისლამურ სახელმწიფოს” საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის შეიარაღებული ძალები, თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლებიც ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს. “ისლამური სახელმწიფოს” მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება. ეს დიდი სიახლე ჩვენთვის არ არის, რადგან მანამდეც რამდენიმე საველე მეთაურმა – ჩეჩენმა თუ დაღესტნელმა განაცხადა თავისი დაქვემდებარების შესახებ “ისლამური სახელმწიფოს” მიმართ”, – განაცხადა კაპანაძემ.