ვახტანგ კაპანაძე ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს მასპინძლობს
საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება. გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.
შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე. ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო.
საუბარი შეეხო ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვასაც. გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტების უფროსებმა გენერალ ბრედშოუს პრეზენტაციები წარუდგინეს. ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. გენერალი ბრედშოუ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.