შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქის გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი „13 ივნისი“ და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.