გელა დუმბაძე სტრასბურგის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სტრასბურგის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს, თემურ საყვარელიძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სტრასბურგში მცხოვრები ქართველების მიერ 13 ივნისის სტიქიური უბედურებით დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების ორგანიზება იყო.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო არსებული მდგომარეობა და ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც, სახელმწიფო უწყებებთან და თბილისის მერიასთან კოორდინაციის მიზნით, უნდა იხელმძღვანელონ დახმარების მსურველმა ჩვენმა თანამემამულეებმა.
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად და ფულადი გადმორიცხვებისათვის გახსნილია შესაბამისი ანგარიშები, ხოლო კოორდინირებული და ქმედითი დახმარების მონიტორინგისათვის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილი დროებითი შტაბი სისტემატიურად აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.