საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი სტიქიის ღამეს იხსენებს
13 ივნისს, სტიქიის ღამეს, 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.
მანვე, რომელიც ამ წუთებში “მზიურის“ ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამე გაიხსენა.
“პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე. 3 წუთში თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე იყო გასული. გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით იყო. თავდაპირველად გამოძახება ჩუღურეთში დაიწყო, შემდეგ, როდესაც ვერეს ხეობაში დაიწყო წყლის მოვარდნა, მთელი ტერიტორია 3-4 წუთში დაიფარა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.