იტალიელი ექსპერტი მომხდარი სტიქიის შედეგებს შეაფასებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს – ხელმძღვანელს, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL -ის ვიცე-პრეზიდენტს, იუნესკოს მთავარ ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, გეოლოგებთან ერთად ექსპერტს თბილისში განვითარებული სტიქიის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე ინფორმაცია გააცნო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელი ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში უშუალოდ გაეცნობა ახალდაბასა და ვერეს ხეობაში შექმნილ ვითარებას და ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს.
კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.