„უგულავას შევთავაზე პროექტი, რომლის მიხედვით ვერეს ხეობიდან მოსახლეობის გასახლება უნდა მომხდარიყო“
თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი, გადაცემა არჩევანში გიგი უგულავას მერობის დროს მის მიერ წარდგენილ პროექტს იხსენებს. როსტომაშვილის თქმით, ამ პროექტის მიხედვით ვერეს ხეობიდან მოსახლეობის გასახლება უნდა მომხდარიყო, რომელზეც იყო ქალაქის მაშინდელ მერთან, გიგი უგულავასთან მსჯელობა, თუმცა ვერ განხორციელდა.
ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, იგი თავის დროზე გიგი უგულავას შეხვდა და ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა.
„საუბარი იყო, რომ ვაკე-საბურთალოს გზა გადის ზღვის დინიდან 480 მეტრ ნიშნულზე, ჩემი პოზიციით, 480 ნიშნულზე დაბლა, იქითა მხარეს არაფერი არ უნდა ყოფილიყო. იქ არაფერი არ უნდა იყოს, არც წარმოება, არც საცხოვრებელი, არც ძაღლების თავშესაფარი, არც საფლავები. უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდა, ასევე მიცვალებულების გადასვენება იმიტომ, რომ კიდევ იწვიმებს და კიდევ გაიჭედება იმ გვირაბში”, – ამბობს როსტომაშვილი.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ არა ეს პროექტი, ასეთი სავალალო შედეგი მოსალოდნელი იქნებოდა თუ არა, როსტომაშვილმა უპასუხა: „ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც გადის გვირაბი, სადაც მდინარე ვერე გაედინება, რომ არ ყოფილიყო ის კალაპოტი, რომ არ ყოფილიყო გმირთა მოედნის ქვეშ გვირაბი, მაშინ ვაკე არ იქებოდა, იმიტომ რომ მდინარე ჩამოიტანდა, დამეწყრავდა იმ ტერიტორიას – ყიფშიძის ქუჩას, მაშინ ისიც არ უნდა აგვეშნებინა“, – აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.