დავით ნარმანია გამოძიების დაწყებას ითხოვს

თბილისის მერს ეჭვი ეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერეს ხეობაში გზის მშენებლობა წესების დაცვით  მიმდინარეობდა.  დავით ნარმანია გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც ნარმანიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, თავის დროზე გზის პროექტი ისე აშენდა, რომ ექსპერტებისა და სპეციალისტების აზრი არ გაითვალისწინეს.
„ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. უხვი ნალექის შედეგად, თავის დროზე არასწორმა საინჟინრო გადაწყვეტილებამ ვერ გაატარა წყლის ეს მასა და წყლის ეს მოცულობა გვირაბში. გამოძიებული უნდა იყოს, რატომ გაკეთდა ასეთი პროექტი, რატომ არ დაუჯერეს ექსპერტებს და სპეციალისტებს. ეს არის მთავარი და უმთავრესი პრობლემა. როცა იყო ექსპერტებისა და სპეციალისტების მოთხოვნა, რომ ეს პროექტი ასეთი ფორმით არ გაკეთებულიყო, ყურად არ იღეს. ვერ გათვალეს, რომ ისეთი მოცულობის ნალექი, რომელსაც 60-იან წლებში ჰქონდა ადგილი, შეიძლებოდა კიდევ განმეორებულიყო“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, 13 ივნისის ღამეს დაზარალებულებსა და 112-ს შორის კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა და წყლის ნაკადმა ძალიან სწრაფად მოიმატა, რამაც სავალაო შედეგი გამოიწვია.
ამასთან, ქალაქის მერმა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზის პროექტის შესწვალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპერტები პროექტის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. “ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლა და მათი დასკვნა გვიჩვენებს იმას, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უნდა გადაეგზავნოს თუ არა პროკურატურას. თუმცა, ექსპერტების დასკვნის გარეშეც შეიძლება გადაეგზავნოს მასალები და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რათა მათ შესაბამისი საპროცესო ქმედებები დაიწყონ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები