დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას „კალენდრის ხელში დაჭერა“ ურჩია
კალენდარი დაიჭირეთ ხელში ძალიან გთხოვთ, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გადაცემა “არჩევანის” წამყვან გიორგი გაბუნიას მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მერს შეახსენა, რომ ის უკვე ერთი წელია, რაც თბილისის მთავრობის მეთაურია და შეეძლო კონკრეტული დავალებები გაეცა და ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ტრაგედიის ეპიცენტრი შეემოწმებინათ.
„კალენდარი დაიჭირეთ ხელში ძალიან გთხოვთ და კარგად ნახეთ რამდენი ხანი გავიდა ჩემი მერობიდან. იმდენად დიდი პრობლემები დაგვხვდა თბილისის მერიაში, რომ ყველაფერს ერთად ვერ შევეჭიდებოდით, ამიტომ პრიორიტეტებად დავყავით და ისე გავეცით დავალებები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, სტიქიის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.
“კატასტროფის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ექსპერტების მხრიდან იყო ჩვენთან მომართვიანობა, რათა ჩვენ ამ საკითხისთვის მიგვექცია ყურადღება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.