სარეაბილიტაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხვალ, დილის 6 საათიდან განახლდება,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ის და მინისტრები თითქმის ყველა ობიექტზე იმყოფებოდნენ და დაზარალებული მოსალხოება მოინახულეს, ასევე, გამგეობებში გრძელდება საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულებისთვის.
“რაც შეეხება დღეს საღამოს არსებულ ვითარებას, მოგეხსენებათ, რომ დღეს საღამოს სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა სტიქიით დაზარალებულ უბნებზე და ეს მოხდა პრევენციის გამო. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან მივიღეთ ინფორმაცია, გადავწყვიტეთ, მდინარე ვერეს ხეობაში დროებით შეგვეჩერებია სამუშაოები. მაგრამ, ხვალ დილით, 6 საათზე, დაიწყება მუშაობა. ასევე, გუშინ საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განისაზღვრა უწყებები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ კონკრეტულ სამუშაობეზე არიან პასუხისმგებლები. წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობამ შესაძლოა გადააჭარბოს 100 მილიონ ლარს”, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი ტრანსპორტის პრობლემებსაც შეეხო. მისი თქმით, უკვე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები, თუმცა შეზღუდვები ზოგიერთი მიმართულებით ამ დრომდე რჩება.