მინდია ჯანელიძე საზოგადოებას მიმართავს – დედაქალაქში პანიკის საფუძველი არ არის
„დედაქალაქში პანიკის საფუძველი არ არის“- ამის შესახებ კრიზისების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ მოსახლეობას სპეციალურად განცხადებით მიმართა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე თითქმის ყველა სამსახური მობილიზებულია და რისკის შემცველ ადგილებზე მონიტორინგი მიმდინარეობს. სპეციალური მიმართვის ტექსტში, მინდია ჯანელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ვერეს ხეობაში დაგუბებული ტბა არსებობს, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს, – ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
„სულ ახლახან შემოვიარეთ ყველა ლოკალიზაციის ყველა უბანი, სადაც მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე რისკის შემცველი უბნებიდან მძიმე ტექნიკა გამოყვანილია. საშიში უბნებიდან ასევე მოსახლეობა ევაკუირებელია. რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება, ასე რომ მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზი გაკეთდა მოსალოდნელი წვიმის შესახებ, ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველა საშიშროება. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად მოხდა ყველა ადგილიდან ხალხის გამოყვანა, – როგორც სამუშაო ძალის, ასევე მძიმე ტექნიკის.
მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თუ არ არის აუცილებლობით გამოწვეული, მაქსიმალურად მოერიდოს დედაქალაქში ავტომანქანებით გადაადგილებას, რომ არ შეიქმნას საცობები. შესაბამისად, ყველა სამსახური, რომელიც ქალაქში ვითარებას უნდა აკონტროლებდეს, მზადყოფნაშია. მზადყოფნაშია ასევე საპატრულო სამსახური და შს სამიმინისტრო, თუ საჭიროა, სხვა სამსახურებიც ჩაერთვებიან, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მინდა კიდევ ერთი დავამატო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადღაც, ვერეს ხეობაში დაგუბებულია ტბა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა გარკვეული მეწყერული საშიშროებები არის. თავის დაზღვევის მიზნით, მოქალაქეები, მოხალისეები და ასევე იქ მაცხოვრებელი ადამიანები სტიქიის ზონიდან გამოვიყვანეთ“, – აცხადებს მინდია ჯანელიძე.