გიორგი ღიბრაძე: გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც არ არის
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, – ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 13 ივნისს სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ, საგანგებო შტაბში შემუშავდა პრევენციული ღონისძიებების გეგმა, რომლის მიხედვითაც დღეს გარკვეული ქმედებები განხორციელდა.
მისივე თქმით, დღეს, მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა სპეციალური სისტემის მეშვეობით და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პოტენციურად სახიფათო ზონებში გაწმენდითი სამუშაოების და სამძებრო სამუშაოების შეჩერების შესახებ და დროებით იქიდან ადამიანების და ტექნიკური ძალების გამოყვანის თაობაზე.
“ამინდის გამოსწორების შემდეგ, სამუშაოები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც არ არის. სიტუაცია სრულად ექვემდებარება მონიტორინგს და კონტროლს. ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ავტომობილის მფლობელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გმირთა მოედნის და ვაკე-საბურთალოს, კერძოდ, თამარაშვილის მიმართულებით მოძრაობისგან. ყველა შესაბამის ადგილზე მობილიზებულია სამსახურები, რომლებიც ნებისმიერი გართულების შემთხვევაში შესაბამის ზომებს გაატარებენ. ასე რომ, მოსახლეობა საფრთხისგან დაცული იქნება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი გართულებისგან, რადგან აღნიშნულ მომენტში სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურებული არ არის. ჩვენ ვაკეთებთ ყევლაფერს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.